რამდენიმე მედიაგამოცემა ბოლნისში, სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები სოფელში ინფიცირებული პაციენტების გადასაყვანად ჩასული პოლიციის თანამშრომლებსა და სოფლის რწმუნებულს დაუპირისპირდნენ.
ონლაიგამოცემა „ნეტგაზეთს“ სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, რომ ინფიცირებულების გადასაყვანად სოფელში პოლიციის თანამშრომლები 19 საათზე მივიდნენ. პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივებმა, დააზიანეს ავტომობილები და რწმუნებულის მანქანა.
სოფლის რწმუნებულის თქმით, ინფიცირებულია 10 პირი და ისინი ახლაც სოფელში რჩებიან, რადგან სიტუაციის განმუხტვის მიზნით პოლიციამ და ექიმებმა სოფელი დატოვეს.
ინციდენტზე ინფორმაციას „ინტერპერესნიუსს“ დაუდასტურა პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა, დეპუტატმა გოგი მეშველიანი. მისი განცხადებით, დაშავებული არავინაა.
ის ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, კოვიდინფიცირებული პაციენტების გაყვანის დროს, ამას ახალგაზრდები შეესწრნენ. დეტალებს ვარკვევთ“, – აცხადებს მეშველიანი.
მისივე თქმით, დაზიანებულია სოფლის რწმუნებულის მანქანა, თუმცა სასწრაფოს ექიმები და სამართალდამცველები დაშავებული არ არიან.
ამასთან გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მომხდარზე ინფორმაცია პირველმა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.
„პუბლიკა“ მომხდარის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შს სამინსიტროს დაუკავშირდა. უწყებაში ჯერ არაფერს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგვაწოდებენ.
ასევე, ვცდილობთ სოფლის რწმუნებულთან დამატებით დეტალების გასაგებად დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახური პასუხობს.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი 24 აპრილს ჩაიკეტა.