მედიაზონა: ნავალნის ცხედარი, 16-17 თებერვლის ღამეს, სავარაუდოდ, სალეხარდში გადაიტანეს

პუბლიკა

გამოცემა მედიაზონის” ცნობით, დაღუპული რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი, სავარაუდოდ, სალეხარდში 16-17 თებერვლის ღამით გადაიტანეს.

ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა. 3 დღის შემდეგაც, ოჯახისთვის ცხედარი არ გადაუციათ. პოლიტიკოსის დედას უთხრეს, რომ შვილის ცხედარი ხარპის კოლონიიდან ქალაქ სალეხარდის მორგშია გადასვენებული. თუმცა, მორგი ირწმუნება, რომ ასე არაა.

მედიაზონამ” შეისწავლა 16-17 თებერვლის ღამით იმ ლაივ კამერების ჩანაწერები, რომლებიც იმ გზაზეა განთავსებული, რომელიც ხარპის სასჯელაღსრულების კოლონიას ქალაქ სალეხარდთან აკავშირებს. ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა ამ ორ გეოგრაფიულ წერტილს შორის.

ხარპიდან უახლოესი პუნქტი ქალაქი ლაბიტანინგია.

მედიაზონამ” აღმოაჩინა 4 მანქანისგან შემდგარი კოლონა, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურს ეკუთვნის. მანქანები კვეთდნენ მდინარე ობის ყინულის გადასასვლელს სალეხარდისკენ.

„მანქანების გადაადგილების დრო გვაფიქრებინებს, რომ ნავალნის ცხედარი სწორედ ამ კოლონით გადაასვენეს სალეხარდში”. – წერს გამოცემა. 

ხარპის კოლონია, სადაც ნავალნი იმყოფებოდა და მისი უახლოესი ქალაქი, ლაბიტანინგი მდინარე ობის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ხოლო, სალეხარდიამალო-გენეცის ავტონომიური ოლქის მთავარი ქალაქი კი – მარჯვენა სანაპიროზე. მდინარეზე ხიდი არ არსებობს. ამიტომ, ზაფხულში მოქალაქეები ნავს იყენებენ, ზამთარში – ყინულზე გადასასვლელი კეთდება. თუ ვერტმფრენს არ ჩავთვლით, ყინულის გადაკვეთა ერთადერთი გზაა კოლონიიდან სალეხარდის მორგამდე მისასვლელად.

მედიაზონამ” სწორედ ამ გზაზე განთავსებული კამერები და 16 თებერვალს ამ გზაზე ყველა მოძრაობა შეისწავლა. სწორედ ამ შესწავლის დროს შენიშნა გამოცემამ სამანქანო კოლონა.

„კოლონას წინ და უკან საპატრულო პოლიციის მანქანები მიყვებოდა. ასევე, იყო ნაცრისფერი სედანი სამოქალაქო ნომრებით და UAZ-ის მიკროავტობუსი, რომელსაც ჰქონდა აღმნიშვნელი, რომ პენიტენციური სამსახურის მანქანა იყო. კოლონა შესამჩნევად ნელა მოძრაობდა. წინ მიმავალი მანქანა კი პერიოდულად მოძრაობას ანელებდა და ზოგჯერ ჩერდებოდა კიდეც, რათა დანარჩენები არ ჩამორჩენოდნენ.

შუაღამისას მანქანები მეორე მხარეს გადავიდნენ და გააგრძელეს გზა სალეხარდისკენ. ამის შემდეგ „მედიაზონამ” სხვა ლაივ ჩანაწერები ვერ მოიპოვა”. – წერს გამოცემა.

 

„მედიაზონა” მიუთითებს, რომ პენიტენციური სამსახურის მანქანის მიერ შუაღამისას მდინარე ობის გადაკვეთა უჩვეულო მოვნებაა და არა – რუტინული პროცედურა.

„მედიაზონა” მიუთითებს, რომ მათ იმავე კამერებზე წინა დღეების ჩანაწერებიც ნახეს და არც ერთხელ მანქანების კოლონას შუაღამისას მდინარე არ გადაუკვეთავს.


ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც დღეს, 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი სავარაუდოდ გულის გაჩერებით არის გარდაცვლილი, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.