მედიის ადვოკატირების კოალიცია: ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“.

მათი შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა კრიტიკულია, „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და მოქალაქეებისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობის წართმევას.

„ორი დღის წინ მსოფლიო აღნიშნავდა მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს, თუმცა საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება. უფრო მეტიც – ყოველდღიურად ვხედავთ ჟურნალისტთა უფლებების უხეშ დარღვევებს.

გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას.

ჩემს გვერდით იმყოფება ვასიკო, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“. ის მოხვდა ისეთი ავტორიტარი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში.

არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება — მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. უკანასკნელი ემსახურება მოძალადე რეჟიმს, ავრცელებს პროპაგანდას, დევნის პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ახალისებს მედიის შიგნით შუღლსა და რეპრესიებს საკუთარი მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ.

ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.