მედიის ქმედებების ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს - კობახიძე

პუბლიკა

ზუგდიდში ერთ-ერთი ბანკის ფილიალში თავდამსხმელის მიერ მძევლების აყვანის ფაქტზე „ქართული ოცნების“ ოფისში აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებსა და მედიის მუშაობაზე ისაუბრა, ზოგიერთი მედიასაშუალების მუშაობის შესახებ კი თქვა, რომ ის შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

„ამ ვითარებაში, თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ პირადი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც მათგან, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენ ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემდეგ კი კითხვა-პასუხის ფორმატში დაამატა: „გეტყვით, რა არისპ ოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა.  როცა ასეთი ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი, გლავ კანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა მან.