მოვუწოდებთ მედიას, ზუგდიდიდან პირდაპირი სიგნალი შეწყვიტონ – საბანაძე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, მედიაგამოცემებს ზუგდიდიდან, იმ ადგილიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, პირდაპირი სიგნალის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საბანაძის თქმით, ამის მიზეზი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების უსაფრთხოებაა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს სიგნალს თავად ჩაახშობს.

„შსს აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად გათავისუფლდნენ. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარსამართავად მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი აღნიშნულის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე კახა საბანაძემ.

ზუგდიდში საქართველოს ბანკში, ამ დროისთვის სავარაუდოდ, ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც 20-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი და სანაცვლოდ ფულსა და უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას მოითხოვს.