მედვედევი: საქართველოსთვის რუსოფობია მძიმე ავადმყოფობაა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადია

პუბლიკა

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს”, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. მისი თქმით, „მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”.

მედვედევი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთს არ სჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება,  „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით”, მაგრამ თქვა ისიც, რომ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ ფორმას შეიძენს, „არ დააყოვნებენ”.

სტატიაში მედვედევმა ისაუბრა  2008 წლის ომზე, ომის დაწყების მიზეზებზე. ის ამბობს, რომ ომის დაწყების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი საქციელია.

„დარწმუნებული ვარ, რომ 15 წლის წინ ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მის მხარდამჭერთა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი საქციელი. ეს [სააკაშვილი] არარაობა დასავლეთისთვის აღმოჩნდა „იდეალური ხელთათმანი“, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევი ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ამჩნევენ რუსოფობიას, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის რუსეთთან მშვიდად ცხოვრება უფრო კომფორტულია”.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა – საზღვარგარეთ. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია”, – თქვა მედვედევმა.

მედვედევი ვრცელ ინტერვიუში საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც. წერს, რომ ომი უკრაინაში კიევის დამარცხებით დასრულდება, ისევე როგორც თავის დროზე – „ქართველი აგრესორების“. მისი განცხადებით, „უკრაინა მალე მსოფლიო რუკიდან გაქრება”. ომის უკან მედვედევი ხედავს დასავლეთს.

„ომი რომელსაც ნატო აწარმოებს ჩვენთან, უკრაინაში კიევის რეჟიმის ხელით, როგორ დასრულდება უკვე ახლა არის ცხადი. ეს იქნება კიევის სრულმასშტაბიანი მარცხი, როგორც თავის დროზე მოხდა ქართველი აგრესორების შემთხვევაში. მომავალში ის სავსებით შესაძლებელია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მოხდება, პოლიტიკური სცენიდან იმ სისხლიანი ჯამბაზების სამარცხვინო გასვლა, რომლებიც ახლა ნიანგის ცრემლებით ტირიან”, – ამბობს მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის აღნიშნული ინტერვიუ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ „რია ნოვოსტიმ” 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.