მედვედევის თქმით, 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ რუსეთი გაუმკლავდება სანქციებს

პუბლიკა

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი შეძლებს გაუმკლავდეს სანქციებს და დროთა განმავლობაში, დასავლეთი მათთან დიალოგს თავად განაახლებს. ამის შესახებ მან პუტინის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც დონბასის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავდნენ.

მედვედევმა 2008 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართალია, ახლა კონფლიქტის მასშტაბი ბევრად დიდია და ზეწოლაც მაღალი იქნება, მაგრამ მათ აქვთ უკვე სანქციებთან გამკლავების გამოცდილება და ეს გაუმარტივებთ, რომ გაუმკლავდნენ დასავლეთის რეაქციას.

„ამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გაგვიჭირდება, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, თუ სიტუაციას ჭკვიანურად ვმართავთ, ეს ზეწოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვიბრირებს, ის ნებისმიერ შემთხვევაში დაიწევს.

არა ერთბაშად და ჩქარა, თუმცა, ასეა მოწყობილი ადამიანების ისტორია, რომ ამ სიტუაციით ადრე თუ გვიან დაიღლებიან და თავად გვთხოვენ დავუბრუნდეთ დისკუსიას, მოლაპარაკებებს, სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.