მეეჭვება ახლა ამას აზრი ჰქონდეს - გერმანიის საგარეო მინისტრი G7-ის სამიტის გაფართოებაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ახლა დიდი შვიდეულის სამიტის ფორმატის შეცვლისთვის შესაბამისი დროა.

„მეეჭვება ახლა რაიმე აზრი ჰქონდეს სხვაგვარი საშუამავლო ფორმატის შექმნას”, – განაცხადა მაასმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ G7-ის (დიდი შვიდეული) სამიტი „ქვეყნების მოძველებული ერთობაა” და მოწვეულ ქვეყნებს შორის ავსტრალიის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის შეყვანის ინიციატივა გამოთქვა.


შაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მომდევნო თვეში დაგეგმილი G7-ის სამიტის გადადება მოუწევდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტის გაფართოებული სიით გამართვას ემხრობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეებს შორის ავსტრალია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ინდოეთიც იყვნენ.

ტრამპის ინიციატივას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ G7-ის სამიტში რუსეთის ხელახლა შესვლას მხარს არ დაუჭერს, თუმცა, მისივე თქმით, მასპინძელმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, სამიტზე ვის მოიწვევს.

რუსეთის სამიტში ხელახლა შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.

„რუსეთი რამდენიმე წლის წინ გაირიცხა G7-ის ყირიმის ოკუპაციის გამო.  რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და წესების განგრძობადი დარღვევა არის მიზეზი, რის გამოც რუსეთი კვლავ G7-ის სამიტის ფორმატს მიღმაა და ეს კვლავ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტრუდომ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთი G8 სამიტიდან 2014 წელს გაირიცხა, ყირიმის რეგიონის ანექსირების შემდეგ.