„MEGOBARI აქტს” 5 თანაინიციატორი კონგრესმენი შეემატა: რესპუბლიკელები – ოსტინ სკოტი, დონ ბეიკონი და მაიკ ლოულერი; დემოკრატები – ჯერი კონოლი და ლოიდ დოჯეტი.
ახლა „MEGOBARI აქტს“ სულ 9 ინიციატორი ჰყავს.
„ჰელსინკის კომისია“ წერს, რომ „აშშ სერიოზულად უყურებს მეგობრობას საქართველოს ხალხთან და კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი/იმპულსი იზრდება“.
„MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.
მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.
აშშ-ის კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მოსმენა 5 ივნისს გაიმართა.
მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.
სხვა ტიპის განხილვა კონგრესში ჯერ არ ჩატარებულა.