მეგონა, მადლობას იტყოდნენ - პუტინი პირდაპირი ფრენის დაწყებაზე

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. პუტინის თქმით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოში მისთვის მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა, რადგან ეგონა, რომ მადლობას ეტყოდნენ.

„ჩემთვის რეაქცია, რომელიც მოჰყვა, სრულიად მოულოდნელი იყო. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, კარგი, გმადლობთ. არა, იქ იყო რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხზე. ძალიან უცნაური​​, მოულოდნელად. როცა გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ: სულ გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ, გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პირდაპირი ფრენის დაწყებისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკითხს თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სვამდნენ, სწორედ ამის საპასუხოდ გადადგა მოსკოვმა ეს ნაბიჯი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება „მათი საქმე არ არის“ და საქართველოს მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ რა გზით წავიდნენ, როგორ განავითარონ ქვეყანა. მაგრამ რუსეთი თავის წილ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ნაწილი გავიაროთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს“, – თქვა პუტინმა.