აქციაზე დაშავებული ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული, ისევ პარლამენტთან მივიდა.
ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში ის იხსენებს, რა ვითარებაში მოხდა დაშლა და როგორ მიიღო დაზიანება. ამბობს, რომ თვალზე სერიოზული პრობლემა აქვს.
„ჩვენ აქ ყველაფრისთვის მზად ვართ, თვალიც დავკარგოთ, ფეხიც დავკარგოთ, მაგრამ მთავარია სამშობლო არ დავკარგოთ. აი, ამ მოტივით ვდგავართ და ვაგრძელებთ აქ ყოფნას. თვალის პრობლემა არის სერიოზული. მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
დილის ხუთ საათზე როცა ცეცხლი დავანთეთ და ვმოძრაობდით, რადგან სიცივე იყო. მოვიდნენ რობოკოპები და დავხვდით ჩვენ ხელებაწეული. ამის შემდეგ დაიწყეს წინსვლა რობოკოპებმა. შეძლებისდაგვარად, ზურგით ვაკავებდით. ამ დროს წყლის ჭავლი მომხვდა, როგორც მერე გავიგე, რადგან იმ წუთში ნოკაუტი მივიღე, ვერაფერი ვერ გავიგე, რა მოხდა. მეგონა, თვალი აღარ მქონდა, მაგრამ გადარჩა თვალი, ჯერჯერობით, ასეა და მერე არ ვიცი, როგრორ იქნება“, – ამბობს ზაზა ლიპარტელიანი.
ის ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანა მისგან დაახლოებით 5-6 მეტრში იდგა.