მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვიცე-პოლკოვნიკი რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.

„გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს.

13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.