მელაძე: ბოლო 3 კვირაში „შაბათის ეთერის" 3 ჟურნალისტს შეუჩერეს პარლამენტის აკრედიტაცია

პუბლიკა

„ბოლო სამ კვირაში, „შაბათის ეთერის” სამ ჟურნალისტს – მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილსა და ნატა ქაჯაიას – 1, 6 და 12 თვით შეუჩერეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

მისივე შეფასებით, აკრძალვის მიზანია, რომ შეწყდეს კრიტიკული შეკითხვების დასმა.

„როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა… სრულიად ბუნდოვანი პასუხები ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას – მათი მიზანია შეწყდეს კრიტიკული კითხვები”, – ამბობს მელაძე.

ის სოციალურ ქსელში „კომუნიკაციების კომისიასაც” მიმართავს და საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო წამოწყებულ დავებს იხსენებს.

„კომუნიკაციების კომისიავ, საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო, ტელევიზიას რომ ედავებით. სამი შეჩერებული აკრედიტაციის ფონზე, სად უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა პასუხი?!

პასუხს ითხოვ და აკრედიტაციას გიჩერებენ, პასუხი არ არის და მარეგულირებელი გაჯარიმებს”, – წერს მელაძე.

საკითხს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.

„პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს.

ამგვარი ქმედებით პარლამენტი ჟურნალისტებს მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და არ აძლევს მათ საშუალებას, ისეთი დაბალანსებული რეპორტაჟები და გამოძიებები მოამზადონ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ საბაბით კი მედიასაშუალებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამიზნედ იქცევიან, რომელსაც ახლა უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვის მანდატიც აქვს და რომელიც მათ სწორედაც რომ ბალანსის დაუცველობისთვის აჯარიმებს”, – წერს ქარტია.