მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

პროკურატურის შუამდგომლობა მათი აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვება იყო. სახელმწიფო ბრალმდებელმა, მიხეილ სადრაძემ მედიას განუცხადა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის გამოძიებასა და მართლმსაჯულებაში „უარყოფითი მონაწილეობის საფრთხეები მაღალი ხარისხით არსებობს“.

სასამართლომ ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატების შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა მოსამართლეს იმ 214 ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, რომ კარტოგრაფებს თავდებში ჩადგომოდნენ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქოს ეზოში აქციაც გაიმართა. იქ მისულმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა პროკურორი შეძახილით – „მონა!“ შეაცილეს სასამართლოს შენობაში. შეფასებებში ჟღერდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ივანიშვილის პირადი ტყვე“ და ა.შ.

წინასასამართლო სხდომა, რომელიც 4 დეკემბერს იყო ჩანიშნული, ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობით გადაიდო. „საქართველოს დემოკრატიული ინციატივის“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ „პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა“.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოუმზადებელია და მათ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან იყვნენ.

გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.