მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია – EMC-ის სამართლებრივი შეფასება

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კარტოგრაფების საქმე შეისწავლა და წარმოადგენს საქმის სამართლებრივ შეფასებას. EMC მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ.

„მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მეტიც, გამოძიებისა და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების დიდ ეჭვს აჩენს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.“

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, EMC-ის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აშკარად დაუსაბუთებელია. მათივე ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.

განცხადების ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე.