ივერი მელაშვილის ადვოკატი, ორგანიზაცია „დემოკარტიული ინიციატივის“ წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მე-8 დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება, ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა.
მარიკაშვილი წერს, რომ ამით დაირღვა დაცვის უფლება.
„ეხლახანს გამოვედი ციხიდან. N8 დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს სრულად, ბრალდებულთან შეხვედრა ბარიერების მიღმა ხდება, ხოლო ადმინისტრაცია უკვე საქმეზე ბრალდებულის წერილობით მოსაზრებების ადვოკატისთვის გადაცემას ბლოკავს“, – წერს მარიკაშვილი Facebook-ზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
უწყება წერს, რომ მელაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს.
განცხადება წაიკითხეთ აქ.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან არიან.
გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.