მელია ბრიფინგს 21:00 საათზე გამართავს - პრესსამსახური

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დღეს, 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მელია მანამდე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, ნიკა მელიას ბრიფინგი საერთო ეთერით პირდაპირ ეთერში გავა.


დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.