„ეს არჩევნები წარიმართა რა ხაზით – ვინ შევა და ვინ გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილს, რაც რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან თავიდან ბოლომდე, სამწუხაროდ, როცა პოპულიზმი ვახსენე, ეს ვიგულისხმე.
მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას – ერთი მხრივ, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. ვფიქრობ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ და ეს გამოცდილება მიმიღია, საზოგადოებას გავუკიცხივარ თუ არ გავუკიცხივარ, ფაქტია, რომ ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების რისკისა და ჯანმრთელობის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის „ინსტრუმენტალიზება, რაც მე არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ. დასრულდა არჩევნები და მათ გამარჯვება მიუძღვნეს მიხეილ სააკაშვილს, თითქოს, მართლა მტრებთან მოიპოვეს გამარჯვება“.
ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვით, მიხეულ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში პარტია მზადაა, რომ დატოვოს პარლამენტისა და საკრებულოს მანდატები, ასევე პარტიის ცენტრალური ოფისი დაუთმოს „ოცნებას“.
„განცხადება თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა. მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური პოზიციაა, კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე.
ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, მერე დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, მერე რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც მე გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია. რადგან მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა, არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის“, – განაცხადა მელიამ.