მელია: ხშირად მეუბნებიან - დაგვიძახე და რატომ დაგვშალე; მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ?

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გასამართი აქციების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ აქციას 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართავს.

„საპროტესტო აქციები არ შეწყდება და იცით, რომ უნდა შევიკრიბოთ 2 დეკემბერს სასამართლოს ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ იქ მათ იძალადეს, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ პროვოკაციებს არ ავყვეთ.

ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება მინავლებული. ნუ გაქვთ იმის განცდა, რომ შესაძლებელია მინავლდეს. მაშინ უნდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ტყვეობაში ვტოვებთ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვეგუებით.

ხშირად მეუბნებიან ხოლმე – დაგვიძახე და რატომ დაგვშალე; მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წავიყვან შტურმისკენ. ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, პირდაპირ გეუბნებით. არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ბევრ ჩვენს მეგობარს შუბლში მოხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დამარცხების. ამას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი და ურთიერთ პატივისცემა.

მართლა შრომაა რაც გვიწევს, ადამიანები ორშაბათს დილით 11-ზე, რომ მოვიდნენ, უამრავი სხვა საქმე აქვთ, მაგრამ მოდიან. როცა გჯერა რას აკეთებ და იცი რომ შედეგზე ორიენტირებულია, უნდა აკეთო.“ – განაცხადა მელიამ ტელეკომპანიის ეთერში.