მელია: მე ხომ ვიცი კულისებს მიღმა რას ვაკეთებ და როგორ ვემზადებით

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ოპოზიციის გეგმებზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამოსავალი მძლავრი ეროვნული საპროტესტო მოძრაობაა.

„გამოსავალს ვხედავ ეროვნულ მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ იციან, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი იმ სასამართლოს მსხვერპლია, კარგი ამ ქვეყანას არაფერი ელოდება. ძალიან მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნების მიმართულება, უახლეს პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას აპირებენ თუ არა მესამე და მეორე მოსმენით მიიღონ ის ცვლილებები.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების, ოპოზიციის აქტიურობით შესაძლებელია.

„სააკაშვილის გათავისუფლება წარმომიდგენია საზოგადოების, ოპოზიციის აქტიურობით. საზოგადოების აქტიურობას შეუძლია სწორი მიმართულება მისცეს პროცესების განვითარებას.

სანამ მიხეილ სააკაშვილი არის მურუსიძის სასამართლოში და მურუსიძე ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან ერთად ასამართლებს, ვერ იქნება სამოქალაქო მშვიდობა.

ხელისუფლებას უნდა რომ დაპირისპირება გაღვივდეს და სისხლი დაიღვაროს. ხელისუფლებას სამოქალაქო ომის გაჩაღების რიტორიკა აქვს და დანის პირზე დაჰყავს ოცნებას ქვეყანა. აქ თუ ოცნება არ გამოვიჩენთ გონიერებას, არათუ შორეულ პერსპექტივაში არამედ ერთ კვირაში, რამდენიმე დღეში შეიძლება პროცესები შეუქცევადი იყოს.“ – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა.

“ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი – შეიძლება ვიღაცას ყურს ჭრიდეს, რომ რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია. არა, მნიშვნელოვანია რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა სააკაშვილის დახსნის და თუ ოცნება ამ ცვლილებებს უახლოეს პერიოდში არ მიიღებს, ჩვენ ოპოზიცია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, დარწმუნებული ვარ. მე ხომ ვიცი კულისებს მიღმა რას ვაკეთებ და როგორ ვემზადები, საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება, მზად უნდა შეხვდე დიდ მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ არაძალადობრივად გააკეთო.

ეს კვანძი მინდა გაიხსნას სისხლისღვრის გარეშე. ამ კვანძის გასახსნელად ჩვენ ვემზადებით, მაგრამ ეს კვანძი სამ, ოთხ და ხუთ დღეში არ გაიხსნება [ამ ხელისუფლების გადამკიდე არაფერია გამორიცხული] მაგრამ ჩვენ უნდა ვიაროთ მტკიცედ.“ – განაცხადა მელიამ.

——————

19 აპრილს ხელმოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებით, ხელისუფლება და პარლამენტში მომუშავე პარტიები რამდენიმე ცვლილებაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის შემცირება.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატს ისევ მაჟორიტარები დააკომპლექტებენ.

ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს,  5%-იანი საარჩევნო ბარიერი დემოკრატიასთან თავსებადია.

რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის.“ – განაცხადა კობახიძემ.