მელია სააკაშვილზე: თუ უგულებელყოფს რეალობას სასამართლო, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მისი განცხადებით, დღეს რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მისივე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, რეალურად, რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს სასჯელის გადავადებისა და, ასევე, საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირების შესახებ.

„განსხვავებული აზრი ვერ იქნება ადამიანებს შორის, ვინც თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. ცალსახად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და ხელისუფლებას ამის ხილვა არ სურს საზოგადოებისთვის, რომ დარწმუნდნენ იმაში, რაშიც დარწმუნებულია ყველა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა მასთან შესვლის, იმ ადამიანების სიმართლეში დარწმუნდეს საზოგადოება, ვინც დასკვნა დაწერა.

იმ პოლიტიკოსების, მიხეილ სააკაშვილის მეგობრების, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ შევიდნენ და ინფორმაცია მიიღონ და თქვენ გაგიზიარონ და თქვან, რასაც რეალურად ხედავენ. პარალელურად, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ადასტურებს ყოველთვის საპირისპიროს. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იქნებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის „ბოროტი“ სისტემის მიერ არის დანგრეული და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილს, მოსულიყო სასამართლო დარბაზში.

უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადების და ასევე, საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირების. შესახებ. შეუძლებელია, რეალობას თვალი არ გაუსწოროს თუნდაც ყველაზე „ბოროტმა“ სისტემამ. იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფს რეალობას სასამართლო, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. მისი მდგომარეობის შესახებ დასკვნა დაიწერა არამხოლოდ ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, რომელთაც აქვთ მაღალი რეპუტაცია და კვალიფიკაცია, ნდობა საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ.

მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა დადეს დასკვნები, რაც ხელთ აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს და უახლოეს პერიოდში გაიმართება სასამართლო პროცესები, სადაც უნდა იმსჯელონ რომ ან კლავენ პაციენტს, პატიმარს, ან პირიქით. მისი სიცოცხლის მოსპობის მომასწავებელი იქნება, თუკი საწინააღმდეგო რეალობის იქნება, ანუ თუ მოსამართლე იტყვის, რომ იგი არის ჯანმრთელი და ამაზე არაფერი მეტყველებს, ასეთ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მელიამ.