„თბილისი მოლთან“ აქციაზე დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ის „ტვ პირველთან“ პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს – კერძოდ, მელია ამბობს, რომ განყოფილებაში მას ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა „წიხლი დაარტყა“.
„რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება. იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ეს არავის გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილი […]
მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად, პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა.
ისანი – სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია – ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა. ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ […]
სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. […]
ბუნებრივია, შემდეგ ხელბორკილდადებული ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება ამ ადამიანის მიმართ. 7-8 სხვა პოლიციელი იდგა იქ, რომლებმაც გააკავეს ეს ადამიანი. ის წყობიდან არის გამოსული, ამიტომაც არის ასეთი აგრესიული, ის დაცლილია სიმართლისგან და ეუხერხულება იმის მოსმენა, რომ ივანიშვილის სამსახურშია და არანაირი პოლიციელი ის არ არის“, – განაცხადა მელიამ.