მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი უმრავლესობიდან მხოლოდ კახა ოქრიაშვილმა არ დაუჭირა

პუბლიკა

პლენარულ სხდომაზე  პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, არცერთი წინააღმდეგი. დადგენილების თანახმად, მელიას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

უმრავლესობიდან ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ხმა არ მისცა მხოლოდ კახა ოქრიაშვილმა. ის სხდომას ესწრებოდა თუმცა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა.


შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;