მეორე დღეა შიმშილობს დედა, რომლის შვილსაც NAEC-მა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე

პუბლიკა

მე-2 დღეა შიმშილობს დედა, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა”, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე.

როგორც ინგა ბაშიროვმა სოციალურ ქსელში live-ჩართვისას ისაუბრა, გუშინ მან მთელი დღე „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ შენობასთან გაატარა, დღეს კი აპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მივიდეს და პროტესტი იქ განაგრძოს.

„მე ინგა ბაშიროვი ამ წუთას გადავწყვიტე, გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება. მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობისა და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა“, – ეს ინფორმაცია აბიტურიენტის დედამ გუშინ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

ორგანიზაციამ 28 ივლისს მიმართა გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. უწყებაში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.

„გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია გუშინ, 2 აგვისტოს ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.