შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია - NAEC

პუბლიკა

„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- განმარტავენ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

„საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“,- განმარტავენ ცენტრში.

დღეს აბიტურიენტის დედამ ინგა ბაშიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს. 

„მე ინგა ბაშიროვი ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება. მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდეობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა“,- წერს აბიტურიენტის დედა.

როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

ორგანიზაციამ 28 ივლისს, მიმართა გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

„ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა.  შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს  გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა.