რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება - PACE-ის პრეზიდენტი

პუბლიკა

PACE-ის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის ცნობით, რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მკაცრად გმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმებს, ასევე პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგენიან კანონს „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ და შესაბამისი ზომები მიიღოს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, განურჩევლად მათი აზრისა ამ კანონზე“, –  აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, კანონის ამოქმედებამდე სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.


14 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს მოსაზრება, შემდეგ უკვე დაგვიანებული იქნება. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას, სავარაუდოდ, 29 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.

„მათზეა დამოკიდებული – წარმოადგენენ, განვიხილავთ, არ წარმოადგენენ, ვერ განვიხილავთ,“ – განაცხადა კობახიძემ.