არ გვინდა, აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა, არ იფიქრონ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებზე - კობახიძე სანქციებზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ შესაძლო სანქციებთან ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ არასერიოზულია სანქციებზე საუბარი.

მისი თქმით, ო’ბრაიენთან ორმხრივ შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენ შორის. რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე-ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამ შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ რამე განცხადება უნდა გაკეთდეს, შეხვედრაზე წინასწარ მინიშნება უმჯობესი იქნებოდა.

„პრინციპში ჯობია ხოლმე, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია, ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით, ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული შემიძლია, ცალსახად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან პარტნიორებს მოუწოდა, იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე.

კობახიძის აზრით, აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდა, როცა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა.

„ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.