სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს, ვინც ავადმყოფობის გამო გამოცდაზე ვერ მივიდა, დამატებითი გამოცდა დაენიშნება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კერძოდ მოსამართლე ციცინო როხვაძემ,  დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.

„რომ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, აბიტურიენტი დაკარგავდა ერთ სასწავლო წელს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო”. – ამბობენ ადვოკატები.

მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით.