მეორედ დადებული პირობის არშესრულება ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება - ხულორდავა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში თამარ ხულორდავა facebook-ზე წერს, რომ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა არანაირი საბაბით არ შეიძლება გამართლდეს.

„ქართულ ოცნებას“ ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს: მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ „ქართულმა ოცნებამ“ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით. და რა გამოდის, ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი“, – წერს ხულორდავა.

მისი თქმით, მეორედ დადებულ პირობაზე უარის თქმა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება და ეს არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გზა.

„ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონავირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არშესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს“, – განაცხადა ხულორდავამ.


დღეს არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებით მმართველ გუნდს, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პასუხისმგებლობა არ აუღია და ოპოზიციის საუბარი ამ თემაზე არის სპეკულაცია. თალაკვაძემ თხოვნით მიმართა დიპლომატებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების ყველა პუნქტს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.