მეორედ გავხდით მოწმენი თავმჯდომარის სავარძლიდან არასწორად ადგომის - უსუფაშვილი

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ პარლამენტის ორ  თავმჯდომარეს [არჩილ თალაკვაძეს, კახა კუჭავას] ასე არასწორად მოუწია სკამიდან ადგომა და ამით ზიანი მიაყენა ქვეყანას, ამ ინსტიტუტს და ჩვენს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, ამით კნინდება საპარლამენტო სუვერენიტეტი და, საერთოდ, პარლამენტის დანიშნულება და მისი როლი.

„ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა აი, ამ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით.

და სამწუხაროდ, ამ პარლამენტში, სულ რაღაც, 6 თვის განმავლობაში მთელი საზოგადოება მეორედ გავხდით მოწმენი ამ სავარძლიდან იმ ადამიანის არასწორი ადგომის, რომელსაც პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება კი არ ევალება აქ, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა ევალება და ქვეყნის, მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ევალება, რომელიც ამ სავარძელში ჩაჯდომით აღარ არის ინდივიდი, ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, პოლიტიკური გუნდის წევრი, ის ხდება სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი.

და შესაბამისად, არა მხოლოდ ამ სავარძელში ჯდომისას უნდა იქცეოდეს სახელმწიფო კაცისა და სახელმწიფო ქალის დარად, არამედ იქიდან ადგომისასაც.

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის პიროვნულად ორ ძალიან პატივსაცემ, კვალიფიციურ ადამიანს ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა და ამით ზიანი მიაყენა ქვეყანას, ამ ინსტიტუტს და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ასევე, ვერ შენდება ვერანაირი საპარლამენტო სუვერენიტეტი, რამდენადაც მუქად დავწეროთ ეს სიტყვები. ამით კნინდება საპარლამენტო სუვერენიტეტი და საერთოდ პარლამენტის დანიშნულება და მისი როლი. მერე გვიკვირს, რატომაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღარ ესმით საერთოდ, ან არჩევნები რატომ ტარდება, ან ამ დარბაზში რატომ შემოვდივართ და ა.შ.

ასე მოქცევა არ შეიძლება, ასე ჩვენ ძირს ვუთხრით იმ სახელმწიფოებრიობას, რომლის მშენებლობისთვისაც აქ ხალხმა გამოგვიშვა.

როგორც შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს აქ დარბაზში არ იყოს და ყველას, ჩვენ ერთად და მოსახლეობას არ გვეუბნებოდეს, რაშია საქმე? სად წავიდა? რატომ წავიდა? სად არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს? ან მისი წინამორბედი, რომელმაც იმ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ხელი მოაწერა, აქ გვითხრა, რომ ჩემი ვალი შევასრულე და ახლა წავედიო. 

ხალხო, ვის სჯერა ეს ამბავი? და ვინმეს უმრავლესობიდან გგონიათ, რომ ვინმეს უმცირესობაში სჯერა ან თავად გჯერათ ეს ყველაფერი?

ასეთ ვითარებაში არ შეიძლება, რომ ჩავაყენოთ თავი, საკუთარი პოლიტიკური გუნდი, საკუთარი ამომრჩეველი და ა.შ.”, – განაცხადა უსუფაშვილმა.