ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აღენიშნება.
მისი თქმით, მეოთხე პაციენტი, რომელსაც შედარებით მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ამჯერად სტაბილურადაა.
„როგორც ვიცით, 5 პაციენტთან დადასტურებული იყო პნევმონია, ერთი იყო შედარებით მძიმე მიმდინარეობით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტის მდგომარეობა. შეიძლება, შევაფასოთ მისი პნევმონია, როგორც საშუალო სიმძიმის. ხოლო დანარჩენი 4-ის მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და რჩება ასე, ჯერჯერობით. პროგრესირება დღეს დილის მონაცემებით არ შეინიშნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით 124 518 შემთხვევაა დადასტურებული, COVID 19-ით გარდაიცავალა 4 607 ადამიანი.
გუშინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.