გრაფიკა | კორონავირუსის გავრცელების სქემა

ამ დროისთვის საქართველოში ახალ კორონავირუსზე 24 პაციენტი მკურნალობს. პირველ პაციენტს COVID-19 26 თებერვალს აღენიშნა, ბოლო კი 11 მარტს დაადასტურეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, კორონავირუსის საქართველოში შემოსვლას 4 ჯგუფად, კლასტერად ყოფენ.

1. ირანი

ირანის კლასტერში პირობითად N1 და N3 პაციენტები არიან, ისინი ქვეყანაში სხვადასხვა დროს შემოვიდნენ, თუმცა ირანში ერთად იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი კარანტინში საზღვრიდან გადაიყვანეს.

2. იტალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ კლასტერში 6 პაციენტია. პირველი მათგანი პირობითად N2 პაციენტი იყო, რომელიც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. მასთან ერთად იტალიაში მოგზაურობდნენ მისი ნათესავები, სულ ოთხი ადამიანი, რომელთაც მოგვიანებით აღენიშნათ ვირუსი. მეექვსე კი ამ ოჯახის წევრია, 12 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი საქართველოში გადაედო, სავარაუდოდ, თავისივე ოჯახის წევრისგან.

3. იტალია

ეს კლასტერიც იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. როგორც ეზუგბაიამ თქვა, იტალიაში ორი ოჯახი ერთად მოგზაურობდა, სულ 6 ადამიანი. ჩამოსვლიდან მალევე პირობითად N4 პაციენტს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და საავადმყოფოს მიაკითხა, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ამ კლასტერში იყო N5 პაციენტი, რომელსაც ჩამოსვლის მერე თვითიზოლაციის წესები არ დაუცავს და მოგვიანებით ვირუსი მასთან კონტაქტში მყოფ რამდენიმე ადამიანსაც გადაედო. მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს და N5 პაციენტთან მისულ ხელოსანს, რომელიც პირობითად N16 პაციენტია.

4. ესპანეთი

N15 პაციენტი ესპანეთიდან ჩამოვიდა. ის ამ კლასტერის ერთადერთი წევრია. მას საზღვარგარეთ ურთიერთობა ჰქონდა იტალიელებთანაც.

_________

ამ ოთხ კლასტერს გარეთ არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მისი შვილი, ვისგანაც ვირუსი თავად იური ნოზაძეს გადაედო. ნოზაძის შვილს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტის შემდეგ საქართველოში გადაედო. უცნობია, შედიოდა თუ არა ის პირი ამ რომელიმე კლასტერში.

ასევე, ჯერჯერობით უცნობია, ჩამოთვლილ კლასტერებში ხვდებიან თუ არა პირობითად N23 და N24 პაციენტები. ამირან გამყრელიძის თქმით, მათი ისტორიაც იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა ჯერ არ აზუსტებენ, შედიან თუ არა ამ ჯგუფებში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპედიმიოლოგიური სქემა:

LB loan image desktop LB loan image mobile