მერია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის დახმარებისთვის 2 მლნ ლარს გამოყოფს

პუბლიკა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორი პანდემიისგან გამოწვეული ზიანისთვის დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სექტორის დასახმარებლად 2 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული, მინიმუმ, 500 შემოქმედი. აქ საუბარია დიჯეებზე, ზოგადად, ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე.

  1. ფინანსური დახმარების პაკეტით 50-ზე მეტი ორგანიზაცია, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს;
  2. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხის სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა;
  3. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება;
  4. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.

იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, შევძლებთ,  ერთობლივი ძალისხმევით გამოვაცოცხლოთ აღნიშნული მიმართულება და ახალი სიცოცხლე შევძინოთ მათ. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თანადგომით სფეროს შეუნარჩუნდეს პოტენციალი და მოტივაცია, პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ საქმიანობა.

„ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი. მოიზიდა უამრავი ტურისტი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა. აუცილებელია, რომ ერთი მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ. მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს თანადგომით შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა”, – განაცხადა მან.