მერია სწავლას 150 000 ან ნაკლებქულიან სოცდაუცველ სტუდენტებსაც დაუფინანსებს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც დაეხმარება სწავლის საფასურის გადახდაში, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ.

„2015 წლიდან ფინანსდება ის სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 ათასი ქულა და ნაკლები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით, ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება – დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი ქულა და ნაკლები ქულა აქვს. ამ ინიციატივით დაახლოებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი, ხოლო სემესტრულად – 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტებისთვის წახალისების გასაცემად უნივერსიტეტებში კვოტირების სისტემა უქმდება. შედეგად კი მერიისგან დაფინანსებას არა 300, არამედ 600-ზე მეტი მაგისტრანტი მიიღებს.