მერია: წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

„კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა. 

მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და გამოავლინა 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული ხელშეკრულებები.

17.5 მილიონი ლარი სწორედ მათზე გადანაწილდება:

  • „ბლექ სი გრუპი” — 4 მილიონი ლარი;
  • „პარმა” — 5.6 მილიონი ლარი;
  • „ენკო” — 3.5 მილიონი ლარი;
  • „ჯეუ გრუპი” — 4.4 მილიონი ლარი.

კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.