მერია: პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ შედის

პუბლიკა

მერიამ, თბილისის საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ განკარგულებაში, ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად წარუდგინა საკრებულოს.

დადგენილების ერთ- ერთ მუხლს ემატება ახალი შინაარსის პუნქტი, სადაც წერია, რომ ქალაქის მერია თბილისის საზღვრებში ადგენს ზონალური პარკირების საფასურს დროის მონაკვეთის მიხედვით:

1) 1 დღე – 20 ლარი – გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში;

2) 1 კვირა – 100 ლარი -გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით;

3) 6 თვე – 500 ლარი – გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული ი დღის განმავლობაში;

4) 1 წელი – 800 ლარი გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე;

ცვლილებების პროექტში ვკითხულობთ,რომ ზონალური პარკირების თანამედროვე სისტემების დანერგვის შემდგომი სრულყოფის მიზნით, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მოთხოვნისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილია ასევე დადგინდეს ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთების მიხედვით.

მერია, წერს, რომ სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზონალურ პარკირების საფასურის დროის მონაკვეთის მიხედვით გადახდის შესაძლებლობას. ცვლილებები დამტკიცების შემთხვევაში პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ და პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის.

“პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში.

ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესსექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ”,- აღნიშნავს ხმალაძე.