მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნა ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს - მიტროპოლიტი გრიგოლი

პუბლიკა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მიტროპოლიტი წერს, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და ახლა შეცდომების დაშვება ქვეყნის გაძლიერებასა და გაერთიანებას შეუშლის ხელს.

მიტროპოლიტი ამ განცხადებაში წერს, რომ იმყოფებოდა ხიბულაში, „სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს“.

„მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა [გამსახურდიამ] „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრულ.

შემდეგ იყო მთაწმინდის სავანე, დატირება. საკითხავია, ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!“, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ფოთის და ხობის ეპარქიის სამდივნოს ავტორობით გავრცელდა.