ვინ უჭერს მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას სინოდიდან

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელი სამმა უმაღლესმა იერარქმა – შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ახალქალაქისა და კუმურდოს, და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – მოაწერა.

შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადება „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ, ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება. 40% და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50%-ის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელი თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით ღმერთისგან სასჯელს მივიღებთ.

[…] და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან? რატომ არ იქნა ეს გამოძიებული? რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას? თუმცა, მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოდ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ“, – წერს მიტროპოლიტი იოსები.

მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიაჩნია, რომ „უცოდველი ადამიანი არ არსებობს და უნდა მონახოს ქვეყნის პირველმა პირმა საშუალება, რომ წინა პირველი პირი ციხეში არ ჩასვას“.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია, რომელზე ხელმოწერაც არაერთმა მსახიობმა, პოლიტიკოსმა თუ საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა პირმა დაადასტურა.