მესტიაში სცემეს იმ ადამიანებს, ვინც „ალტ-ინფოს" პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა - ადგილობრივი

პუბლიკა

„იმის გამო, რომ მესტიაში მათი ოფისის გახსნა გავაპროტესტეთ, დღეს „ალტ-ინფოს“ პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სცემეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამთო მაშველი ნატა ჯაფარიძე.

„ჩამოვიდნენ ვიღაცები ჯანდარიდან, დმანისიდან, „კუნთმაგარა“ ბიჭები. ვინც ახსოვდათ, რომ ჩვენი აქციის მონაწილეები იყვნენ, დაესივნენ. 2-2 კაცს ურტყამდა 20 კაცი… ერთი სივრცეა, ცენტრში ხდება ყველაფერი. გამვლელ-გამომვლელებიდან ვინც იცნეს, დაესიენ და ურტყამდნენ“, – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, „ალტ-ინფოს“ პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი არის გიორგი რატიანი. მესტიელი სულ ორი იყო, რამდენიმე კიდევ – მულახის სოფლიდან. „დანარჩენი ვერავინ ვიცანით. გარკვევა რომ დავიწყეთ, ჯანდარიდან და დმანისიდან აღმოჩნდნენ, სვანებიც და, ალბათ, არასვანებიც იყვნენ მათ შორის. დაგეგმილი ჰქონდათ ეს ყველაფერი“, – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, დაშავებულია 5-6 ადამიანი – დასიებული აქვთ თვალები, გატეხილი ცხვირი. „სასწრაფო დახმარება არ დაგვჭირდა. პოლიციაც იყო ადგილზე“.

მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა 1 მარტს გააპროტესტეს.

„გუშინწინ გავაპროტესტეთ ოფისის გახსნა. დავუშინეთ კვერცხები და მაგაზე გამწარებულები ჩამოვიდნენ“, – ამბობს ჯაფარიძე.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუ რა რეაგირება ექნება უწყებას მომხდარზე. პასუხის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით თავად არ ფლობს ინფორმაციას და ცდილობს ადგილობრივ წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

ბრალდებებთან დაკავშირებით პარტიიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.