მეტადონის პროგრამაში ცვლილება ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს დაბალ სოციალურ მგრძნობელობაზე – NGO-ები

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ ჩანაცვლებითი პროგრამის მკურნალობის წესში შეტანილ ცვლილებებს – ახალი რეგულაციით, პროგრამის ბენეფიციარებს წაერთვათ უფლება, მიეღოთ მათი მკურნალობისათვის საჭირო ნივთიერების, მაქსიმუმ, 5 დღის ულუფა.

ორგანიზაციების შეფასებით, ამგვარი მიდგომა უარყოფითად აისახება ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მწირი სამედიცინო და სოციალური პროგრამების პირობებში, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას ნარკოტიკის მომხმარებლისთვის, ეფექტიანად მართონ წამალდამოკიდებულება და შეამცირონ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პოტენციური ზიანი. სამწუხაროდ, პროგრამაში ჩასართავად დღემდე არაერთი სამართლებრივი თუ სხვა ტიპის ბარიერი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მწვავე გამოწვევაა აბსოლუტური უნდობლობა პროგრამის ბენეფიციარების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ  პროგრამა 2005 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში, 2020 წლამდე არ არსებობდა ფორმალური შესაძლებლობა, რომ მასში ჩართულ ადამიანს, სათანადო ყოფაქცევისა და დისციპლინის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარ მიეღო ჩანაცვლებითი პრეპარატის რამდენიმე დღის დოზა…

აღნიშნული ცვლილება გამართლებული იყო როგორც პროგრამის ბენეფიციარების უფლებების დაცვის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებისთვის, რადგან ნარკოტიკების მომხმარებლები წარმოადგენენ ინფექციური დაავადებებისადმი მაღალი რისკის ჯგუფს. 8 სექტემბრის  გადაწყვეტილებით კი, ჯანდაცვის მინისტრმა სწორედ  ზემოაღნიშნული ჩანაწერი გააუქმა ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებლებსა და დარგის ექსპერტებთან. შესაბამისად, დღეს პროგრამის ბენეფიციარები იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ესტუმრონ შესაბამის დაწესებულებას დღიური ოდენობის ნივთიერების მისაღებად.

აღნიშნული ცვლილების ლეგიტიმური მიზანი და რაციონალურობა ბუნდოვანია. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. მსგავსი  მნიშვნელობის საკითხზე ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ არავითარი წინასწარი კომუნიკაცია და კონსულტაცია არ ყოფილა იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილება, ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს დაბალ სოციალურ მგრძნობელობაზე. გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში  საგრძნობლად იზრდება COVID 19-ის შემთხვევები ქვეყანაში და ეპიდემიოლოგებისგან სულ უფრო ხშირად გაისმის რეკომენდაცია, რომ თავი შევიკავოთ ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრისგან. კიდევ უფრო მძიმეა ეს ცვლილება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეჩერებულია, ნარკოტიკის მომხმარებლები კი სხვადასხვაგვარ სტიგმას და დისკრიმინაციას განიცდიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

ჯანდაცვის სამინისტროს:  

  • გააუქმოს 8 სექტემბრის ცვლილებები და ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებს დაუბრუნოს შესაძლებლობა, სათანადო რისკებისა და დასაბუთების არსებობისას, წინასწარ მიიღონ მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატის განსაზღვრული ოდენობა;
  • გააფართოვოს ნარკოტიკის მომხმარებელთათვის საჭირო სამკურნალო/სარეაბილიტაციო პროგრამები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა ყველასთვის;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • განაახლოს ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობა და აქტიურად დაიწყოს რეპრესიული მიდგომების ჩანაცვლება ზრუნვასა და ადამიანის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკით”, – აღნიშნავენ ისინი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • მანდალა;
  • ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი (ENPUD);
  • ალტერნატივა ჯორჯია;
  • მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი;
  • „არა” – ალიანსი უფლებები ყველასათვის;
  • ჰეპა პლიუსი;
  • საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა;
  • რეალური ხალხი, რეალური ხედვა;
  • საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი;
  • ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;

სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია „პუბლიკასთან” აცხადებდა, რომ 5 დღის ოდენობის გაცემის რეგულაცია მაშინ მიიღეს, როდესაც ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იყო დაწესებული და პროგრამის პაციენტებს დაწესებულებაში მისასვლელად დამატებითი ბარიერი ხვდებოდათ. ადამია ამბობს, რომ ეს ცვლილება იყო დროებითი ღონისძიება და მიზნად ისახავდა ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არ ნიშნავდა ზოგადად პროგრამის ფორმატის ცვლილებას და იმას, რომ 5 დღის ულუფის გატანა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდებოდა.