ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე აღარ გაატანენ

პუბლიკა

მიუხედავად კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებისა, ჩანაცვლებითი პროგრამის (მეტადონი, ბუპრენორფინი) პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე აღარ გაატანენ. შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა 8 სექტემბერს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებისთვის 5 დღის დოზის გატანის შესაძლებლობა სამინისტრომ მარტში მიიღო. ამის შესახებ მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზეც განაცხადა.

ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ცვლილება პანდემიის დროს დაავადების გავრცელების აღკვეთას ისახავდა მიზნად.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება და დარგის სპეციალისტები ვირუსის ინტენსიურ გავრცელებაზე საუბრობენ, „პუბლიკა“ დაინტერესდა, რატომ შეცვალა სამინისტრომ მარტში მიღებული გადაწყვეტილება, თუ რამდენიმე თვის წინ პრეპარატის ბინაზე გატანებას მიიჩნევდა საჭიროდ.

სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ 5 დღის ოდენობის გაცემის რეგულაცია მაშინ მიიღეს, როდესაც ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იყო დაწესებული და პროგრამის პაციენტებს დაწესებულებაში მისასვლელად დამატებითი ბარიერი ხვდებოდათ. ადამია ამბობს, რომ ეს ცვლილება იყო დროებითი ღონისძიება და მიზნად ისახავდა ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არ ნიშნავდა ზოგადად პროგრამის ფორმატის ცვლილებას და იმას, რომ 5 დღის ულუფის გატანა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდებოდა.

„მას შემდეგ შემუშავდა სხვადასხვა მექანიზმი, როგორიცაა: ინფექციის კონტროლის დაცვა, პაციენტების მიღების წესი, რიგის მოწესრიგება, დისტანციის დაცვა და პაციენტების შესაბამისი აღჭურვილობით მიღება. გადაადგილების მხრივ, შეზღუდვის მოხსნის შემდეგ აღარაფერი უშლიდა ხელს, რომ ძველი რეგულაციები დაბრუნებულიყო უკან, ჩვეულ რეჟიმზე. ეს იყო დროებითი ღონისძიება და ეს გადაწყვეტილებაც ამ ჯერზე მივიღეთ იმიტომ, რომ მიზეზები, რის გამოც მაშინ შემოვიდა ცვლილება, ამ წუთისთვის აღარ არსებობსა“, – ამბობს ადამია „პუბლიკასთან“.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეექმნა პრობლემა და დაწესებულებაში მისვლას ვერ ახერხებს, პრეპარატის რამდენიმე დღის ულუფის გატანის შესაძლელობა ბრძანებით ისევ აქვს.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ამ ცვლილების ერთ-ერთი საფუძველი პრეპარატის არამიზნობრივად გამოყენება/გავრცელების რისკზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შიში, ადამია პასუხობს, რომ არამიზნობრივი გამოყენების შესახებ მას რაიმე ინფორმაცია არ აქვს და ასევე არც იმაზე, შეიქმნა თუ არა რაიმე კონკრეტული პრობლემა ამ თემის გამო.

ნარკოპოლიტიკის აქტივისტი, პროგრამის ბენეფიციარი პაატა საბელაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ პაციენტთა ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ამ შემთხვევაში პაციენტის ინტერესი პირდაპირ თანხვედრაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებთან.

მისი თქმით, ამ ცვლილების შემდეგ პაციენტების ფიზიკური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მედპერსონალთან ყოველდღიური გახდება და ვირუსით ინფიცირების რისკი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„პანდემიის დროსვე არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია პროგრამის ხელმძღვანელებთან, რომ მაინც იყო რიგი. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ ჯერზე სპეციალური ცნობა უნდა აგეღო მკურნალი ექიმისგან პრეპარატის გასატანად. ამით იმის თქმა მინდა, რომ 6 დღეში ერთხელაც კი, 6-ჯერ ნაკლები პაციენტის პირობებშიც გარკვეული სიფრთხილით მიწევდა მისვლა. ახლა ყოველდღიურ რეჟიმში და თანაც 6-ჯერ მეტ პაციენტთან რომ მოგვიწევს შეხება, ცხადია, რისკი მატულობს”, – ამბობს საბელაშვილი.

მისივე თქმით, უშუალოდ დაწესებულების შენობაში შესაძლოა გაკონტროლდეს წესების დაცვა, თუმცა გარეთ, სადაც პაციენტებს რიგში ყოფნა უწევთ, მოთხოვნები ნაკლებად შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

როგორც საბელაშვილი ამბობს, პანდემიის დროს სწორედ იმის გამო, რომ 5 დღის ოდენობის გატანა გახდა შესაძლებელი და ამ მხრივ ბარიერი აღარ არსებობდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში, რაც თავისთავად დადებითი მხარეა ნარკოტიკის მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, თუმცა ბრძანების შეცვლის შემდეგ ეს ადამიანები როგორც კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ, ასევე, პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სხვა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდებიან.

საბელაშვილს მიაჩნია, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებით იყო განპირობებული და ეს ნაბიჯიც სიტუაციის კონტროლის საილუსრტაციოდ გადადგეს. ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში სამთავრობო უწყებები ამ კუთხით ცდილობენ მკაცრი კონტროლის ზომების ჩვენებას.

„სხვა ახსნა ამას არ აქვს. აპრილის შუა რიცხვებამდე ტრანსპორტზე შეზღუდვა არ ყოფილა, თუმცა მარტიდან დაიწყეს უკვე გატანება. ტრანსპორტი რაც დაუშვეს, მაშინვე რატომ არ შეზღუდეს ხელზე გაცემა?!…  ვერც გვისაბუთებენ, რომ ამგვარმა ცვლილებამ რაიმე დამატებითი პრობლემები გამოიწვია. ამასთან, პაციენტთა ნაწილს პროგრამის მოქნილობასთან დაკავშირებით, კოორდინაცია გვქონდა  ექიმებთან, დაწესებულების მენეჯმეტთან, რომ ყველასთვის ოპტიმალური გამოსავალი მოეძებნათ და ცალკეული გადაცდომის შემთხვევაში, ყველა ერთნაირად არ დასჯილიყო, თუმცა ამის საშუალება საერთოდ წაგვართვა მინისტრის ამ ბრძანებამ.

აბსოლუტურად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მინისტრს – არა შს მინისტრს, არამედ – ჯანდაცვის, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს ძალოვანი კოლეგის კი არა, თავისი მოსაგვარებელი საქმეა“, – ამბობს საბელაშვილი.