მეტადონის პროგრამის პაციენტებს 5 დღის ულუფის გატანა კვლავ აეკრძალათ

პუბლიკა

ჩანაცვლებითი პროგრამის (მეტადონი, ბუპრენორფინი) პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე კვლავ აღარ გაატანენ. ეს შესაძლებლობა კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული და ჯანდაცვის მინისტრის 28 მაისის ბრძანებით გაუქმდა.

ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებისთვის 5 დღის დოზის გატანის შესაძლებლობა სამინისტრომ 2020 წლის მარტში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი სამინისტრომ სექტემბერშიც გააუქმა, პაციენტებისა თუ დარგში მომუშავე ორგანიზაციების უარყოფითი შეფასების შემდეგ კი კვლავ შეიტანა ბრძანებაში ცვლილება და ჩაამატა შესაბამისი პუნქტი, რის საფუძველზეც ბენეფიციარებს, მაქსიმუმ, 5 დღის სამყოფი ულუფა ერთიანად გაჰქონდათ.

ამოღებულ პუნქტში ეწერა, რომ გამონაკლისის სახით, ჩამნაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება პანდემიის  დროს დაავადების გავრცელების აღკვეთას ისახავდა მიზნად.

ნარკოპოლიტიკის აქტივისტი, პროგრამის ბენეფიციარი დავით სუბელიანი არაგონივრულს უწოდებს სამინისტროს ამ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ის რისკი, რაც პანდემიასთან დაკავშირებით თვეების წინ იდგა, კვლავაც არსებობს.

„ეს რეგულაცია COVID-პანდემიის პერიოდში რისკის შემცირების მიზნით შემოიღეს და მის აღმოფხვრამდე უნდა ყოფილიყო. ვიცით, რომ პანდემია ისევ არის, ახალი შტამებია, 30 კაცი კვდება დღეში და ა.შ.“, – ამბობს ის.

სუბელიანი მთავარ პრობლემად ასევე ასახელებს პაციენტებთან კომუნიკაციის არარსებობას, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირების ნაკლებობას.

„ყველაზე დიდი პრობლემა კი კომუნიკაციის არარსებობაა. ჩვენ საერთოდ არავინ არაფრად არ გვაგდებს. იქნებ, რას ვგეგმავ, თუნდაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ხომ შეიძლება, რომ წინასწარ გვითხრან. ხალხი ხომ უნდა გადაეწყოს ახალ წესზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. არანაირი კომუნიკაცია არაა პაციენტებთან. მეც ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გავიგე. არანაირი კომუნიკაცია და არანაირი ინფორმირება არ ხდება. ჩვენი ტელეფონებიც აქვთ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მაინც გავრცელდეს ინფორმაცია. შეხვედრას რომ გადაუტან ადამიანს, იმაზე აფრთხილებ, ხომ და ამხელა ცვლილებას რომ ახდენ?.. როგორ შეიძლება, რომ ათასობით ადამიანი მიგაჩნდეს სტატისტიკად და ვერ ხედავდე, რომ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. არც კი მოსდით თავში აზრად, გაითვალისწინონ, რომ ადამიანები ვართ აქ“, – ამბობს სუბელიანი.

მისივე თქმით, აუცილებელია გამჭვირვალობა, თუ რატომ, რის გამო, რა საფუძვლით მიიღო სამინისტრომ ამგვარი გადაწყვეტილება.

„მათ დამოკიდებულებაში ჩანს, რომ არასდროს არ აპირებენ, ადამიანურად შემოგვხედონ. ზოგადად, პროგრამის დიზაინიც და გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს.  გამჭვირვალობა გვჭირდება ჩვენ – რატომ, როგორ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება, რა ეტაპები გაიარა. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა და როგორ შეიძლება, წინ და უკან ჩართო-გამორთო ეს წესი?!”, – ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, თუ პროგრამა უფრთხის პრეპარატის არადანიშნულებისამებრ პრობლემურ მოხმარებას, მაშინ ამ საკითხის მიმართ შესაბამისი მიდგომა უნდა შემუშავდეს, ასევე, მიემართოს აქეთკენ ზიანის შემცირების სერვისები, რათა ჯანდაცვის სისტემამ საბოლოო ჯამში ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევას.

სუბელიანი ამბობს იმასაც, რომ გამოწვევაა რიგების მართვა თუ სხვადასხვა კოვიდრეგულაციის დაცვა დაწესებულების გარეთ, რაც უშუალოდ თუ არა, არაპირდაპირ მაინც სახელმწიფოს ვალდებულებაა, „ვინაიდან ასე უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ალტერნატივას არ უტოვებს ბენეფიციარს“.

„პუბლიკა“ კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუ რატომ მიიღეს ბრძანების შეცვლის გადაწყვეტილება. უწყება ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. Covid-უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით არც ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში პასუხობენ ჩვენს შეკითხვებს.