მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა

პუბლიკა

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორმა კახა ბაკაშვილმა 6-თვიანი პირობითი მსჯავრის და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადის სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა.

ბაკაშვილის ადვოკატი ლაშა სტურუა განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის შემდეგაც სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანო ჭკადუა, დაზარალებულის ადვოკატი „ტელეკომპანია პირველთან“ ამბობს, რომ ბაკაშვილის გათავისუფლება მოხდა იმის საფუძველზე, რომ პროკურატურა ბაკაშვილს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავება, შესაბამისად სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა პირობითი მსჯავრი.

„6 თვე პირობითი მსჯავრი და ერთი წელი გამოსაცდელი ვადა იქნა მის მიმართ გამოყენებული. ეს ადამიანი ძალადობრივ ქმედებაში არ იღებდა უშუალო მონაწილეობას, შორიდან აკვირდებოდა მომხდარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, სასამართლოს მის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ეს ასეც მოხდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს ასევე, რომ უშუალოდ ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებული დასჯილი იქნას უმკაცრესად“, – აცხადებს ის.


პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება 2022 წლის 26 იანვარს წარუდგინა.

23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება“, – აცხადებს უწყება.