მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის საქმე - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დრომდე

პუბლიკა
content image

გუშინ, 6 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მეუფე შიო მოწამლეს.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.“

მოგვიანებით „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფომრაცია, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ.“

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ „ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.“

მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედიისთვის კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

„მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“,- წერს ჯაღმაიძე.

გუშინვე საპატრიარქოს დაუკავშირდა გამოცემა „ტაბულა“, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქომ არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია მეუფის მოწამვლის შესახებ. „დადასტურებული არ არის”, – განუცხადა მათ ჯაღმაიძემ.

დღეს „ტვ პირველი“ ასევე ესაუბრა სასულიერო პირებს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც ამბობენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. 

სინოდის წევრი, მეუფე ნიკოლოზი „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით:

„საერთოდ არა ვარ საქმის კურსში, დიდი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ. მეუფე შიოს, რა თქმა უნდა, შევეხმიანე, მაგრამ ეტყობა ვერ მიპასუხა, ანუ მისგან არ ვიცი პირადად ეს ამბავი, ასე ყურმოკვრით, როგორც თქვენ იცით ისე ვიცი მე, თქვენ უფრო კარგად იცით ეგ ამბავი ,ვიდრე მე სინამდვილეში…. ისე ძაან შემაშფოთებელი ამბავი კი არის, რა თქმა უნდა“,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმმა ცისანა შარტავამ „პირველ არხს“ განუცხადა, რომ საპატრიარქოდან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით,  მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია. როგორც ექიმი აცხადებს, არანაირი ინფორმაცია არ აქვს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს მეუფე შიო მოწამლეს.

„პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს და შეტყობინებას ჯერჯერობით არ უპასუხეს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.