მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - ჯაღმაიძე

პუბლიკა

„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, დაზუსტებით სხვა რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- განუცხადა ჟურანლისტებს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გუშინ, 6 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მისი წყაროების ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცველობა. მისივე თქმით, მეუფე შიოს ქვეყანა არ დაუტოვებია, საქართველოშია და სახლში იმყოფება.

დეკანოზი ასევე ამბობს, რომ მეუფე შიოს ანალიზები უცხოეთშია გადაგზავნილი და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„მეუფე შიოს მდგომარობა დღეისათვის არის ნორმალური, მუშაობს, პრცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება, ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია ახლა მიზანშეწონილი. უნდა დაველოდოთ, შემდგომი კვლევა რას მოგვცემს…

ყველაფერი, რაც არ უნდა ვთქვა, ახლა იქნება ვარაუდები და ეჭვები მხოლოდ, მთავარი აქ არის, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ერთი  – ეს შეიძლება იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლო არის, რომ ვიღაცის ინტერესშიც იყოს მისი ავად ყოფნა“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ჯერ სამართალდამცავი უწყებებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. ამ დრომდე იყვნენ „კვლევის რეჟიმში“, რათა გაერკვიათ, საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერება. მისი განმარტებით, საკვები, რომელსაც მეუფე შიო „მაღაზიაში ყიდულობდა, არის ჯანმრთელი.“

შეკითხვაზე, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა, ჯაღმაიძე პასუხობს:

„ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ, როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე განხორციელდება რაიმე ფიზიკური ზემოქმედება, ამიტომ შესაძლებელი არის, რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს, ზოგადად, ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია“, – ამბობს ჯაღმაიძე.