მეუღლის ოჯახის 5 წევრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის ცნობით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ასევე, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა”, – ამბობენ პროკურატურაში.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.