მევენახეების აქცია კახეთში - რას აპროტესტებენ ისინი

პუბლიკა

კახეთში მევენახეების პროტესტია – ისინი ყურძნის ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრულ ფასს აპროტესტებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით:

▪️კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება.

▪️არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება.

▪️17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

▪️„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება.

▪️17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.

რა არის პრობლემური მევენახეებისთვის ამ საკითხში? – მევენახე ვახო ქურდაძე ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„[…] ვის ყურძენსაც 17% დაბალი შაქრის დონე გამოუვიდა, არც მას დაუკლია რამე პროცედურა ვენახისთვის და არც მას, ვისაც შედარებით მაღალი პროცენტი აქვს. ზუსტად იგივე ხარჯი ჰქონდა, რაც ყველა სხვას. როდესაც კილო ყურძენში 30 თეთრს გადაუხდი მევენახეს, 8 ტონა ყურძენზე (მეტს ვერ კრეფს 15-17 მშრომელი) დაახლოვებით 2400 ლარს იღებს. თუ ერთი დღე 2000 ლარი უჯდება, მოგება ხო მხოლოდ 400 ლარია. ამ მოგებამ უნდა დაფაროს ვენახის მოვლის და შეწამვლის ხარჯები, რომლის 30%-საც ვერ დაფარავს. რით უნდა იცხოვრობს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც. როგორ გადაიტანოს ეს ზამთარი?![…].

კახეთში მერვე კლასელი ბავშვი რომ გააჩერო, მაგანაც კი იცის, რომ შაქრის პროცენტულობის ტესტირებისას, დღის რომელ მონაკვეთში აკეთებ ტესტს, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის არის სხვაობა 0.1-0.2 პროცენტი. თქვენ რას შვებით ამ დროს? ადამიანი მოვა, 21%- ან 17%-ს სულ რომ 0.1% დააკლდეს, ერთ დატვირთულ ავტომობილზე, 5000 ლარს არიდებთ ჯიბიდან.

გუშინ ჩემი ოჯახის წევრის ყურძენი გვქონდა მიტანილი. ჩვენ ჩვენი შაქრის პროცენტულობის საზომი ხელსაწყო გვაქვს – ,,ბრიქსი” იტალიური ფერარის წარმოების, რომლის ანალოგითაც ათობით წელი ხელმძღვანელობდა ყველა ქარხანა.

ათჯერ გავზომეთ შაქრიანობის დონე და ათჯერ 21.5, ან 22 % გამოვიდა (ადგილს გააჩნია და სველია თუ არა ყურძენი მაგას). მივიტანეთ ქარხანაში და ჰოი, საოცრებავ – გამოვიდა 19.8% ანუ, ზუსტად 3 წუთში, ვიღაც ჯიბიდან მარიდებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში. ვთხოვე მეორედ გაკეთება ტესტის, რაზეც სასტიკი უარი მივიღე. მერე ვთხოვე, რომ თავად აერჩიათ მტევნები და ლაბორატორიული წესით გავტესტავდით ადგილზევე და რა თქმა უნდა, ამაზეც უარი.

წამოვიღე ყურძენი სახლში. თავი დამცირებულად, მოტყუებულად და გაძარცვულად ვიგრძენი. გამოვუჩენ ამ ყურძენს პატრონს, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხალხია და შეხვდებათ ცოტა-ცოტა, მაგრამ სამართალი სად ვნახოთ? […]”, – წერს ის.

რას ამბობს სააგენტო და სამინისტრო?

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, ფასების დიფერენცირების მიზანი ვენახის მოვლის სტიმულირებაა. მის კომენტარს IPN ავრცელებს.

„არადიფერენცირებული ფასი, ჩვენი გამოცდილებით, სწორედ იმას იწვევს, რომ მოსახლეობა, ფერმერი აღარ ზრუნავს ვაზზე, ვენახზე – ნაკლებად ზრუნავს და შესაბამისად, ესეც დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ამ სოფლებში მასიურად არ არის ყურძენი კონდიციური”, – აცხადებს ლევან მუხუზლა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მოსავლის ასეთი რაოდენობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სრულად დაბინავება, არამედ მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მართვა და შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინება.

„როდესაც ასეთი დიდი მოსავალი გვაქვს და ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ღვინო და ყურძნისეული სპირტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოცულობის მოსავალიც შესაბამისად დაბინავდეს. ამასთან, სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა, რადგან ამ მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება. დღევანდელი გლობალური ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვინისა და ყურძნისეული სპირტის მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მივყვეთ მოსავალს, რათა შემდგომ წლებში დაბინავების პრობლემა არ შეიქმნას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.