მეწყერი, ძლიერი ქარი და ზვავი - სტიქია დასავლეთ საქართველოში

პუბლიკა

უამინდობას დასავლეთ საქართველოში მოჰყვა მსხვერპლი, ამ დრომდე, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებენ, მათ შორის, არიან ბავშვები.

ამ სოფელში, ღამით, მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, 3 – ერთი ოჯახიდანაა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებაშია ჩართული.

მეწყერი გუშინ ხარაგაულშიც ჩამოწვა, მატარებელი, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში მიდიოდა, უკან გაბრუნდა.

საქართველოს რკინიგზამ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო რეისები გააუქმა.

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სურამისა და ხაშურის სოფლებშიც. ხაშურში დაიტბორა გზები, წყალი შევიდა სახლებში, ეზოებში. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები.

ძლიერი ქარი იყო სამეგრელოშიც, სადაც საცხოვრებელ სახლებს  დაუზიანდა სახურავები, ქარმა აქაც წააქცია ხეები.

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას მაღალმთიან აჭარაშიც. მეწყერმა და ძლიერი თოვის შედეგად მოსულმა ზვავმა რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 90-ზე მეტი ოჯახი თავშესაფარშია გადაყვანილი.