მეწყერის გამო ყველა რეისი გაუქმებულია, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია - რკინიგზა

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა.

რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ, “- ნათქვამია რკინიგზის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა კომპანიამ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, თუმცა, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია.