მეწყერში მოყოლილი ოჯახის ახლობლებმა ხელვაჩაურის მერიაში აქცია გამართეს

პუბლიკა

ხელვაჩაურში მეწყერის დროს დაღუპული თედორაძეების ოჯახის ახლობლები ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, მათი ოჯახის წევრების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა აიღოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა, გეოლოგიურმა სამსახურმა და თანამდებობა დატოვოს ჯუმბერ ვარდმანიძემ. ისინი ამბობენ, რომ დაღუპული ოჯახი წლების წინ ითხოვდა ტერიტორიის გეოლოგიურად შესწავლას და ეს განცხადება ხელვაჩაურის მერიაშიცაა შეტანილი.

თედორაძეების ოჯახის წევრების პროტესტი ხმაურიან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ჯუმბერ ვარდანიძემ მერიის შენობის დატოვება გადაწყვიტა. დაღუპული ოჯახის ახლობლებმა მას გზა გადაუკეტეს და განუცხადეს, რომ მანამ ვერ დატოვებდა მერიას, სანამ საბუთებს არ აჩვენებდა ოჯახს.

„მოვიდნენ გეოლოგები, შეამოწმეს და გვითხრეს, რომ არ არის საშიშროებაო. თუ საშიშროება არ იყო, ჩემი სამი შვილი მომიყვანონ, გააცოცხლონ ან მაგას მე მივუსჯი განაჩენს“.

„ცოცხლად დაიმარხა ოჯახი გეოლოგიური უპასუხისმგებლობის გამო. რატომ არ უზრუნველყოფს სახელმწიფო გეოლოგიურ კვლევებს? ვითხოვთ, პასუხისმგებლობა აიღონ სამ ცოცხლად დამარხულ ადამიანზე გეოლოგიურმა სამსახურმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა“, – აცხადებდნენ ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტთან შეკრებულები.

თედორაძეების ოჯახის საპასუხოდ, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ თედორაძეების საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნა მას არ უნახავს.

„წელიწადში შემოდის 300-ზე მეტი გეოლოგია. ზეპირად ხომ არ მახსოვს?! ჩემთან არ იყო გეოლოგიური დასკვნა. გადავამოწმე და დოკუმენტურად არ არის“, – განაცხადა ვარდმანიძემ.


2 ოქტომბერს აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, დაიღუპა ოჯახის სამი წევრი და ასევე ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცი.